თემი

სოფელი შუაფხო უკანაფშავის თემის ცენტრია. ფშავი ორ ნაწილად იყოფა: წინაფშავი და უკანაფშავი. ეს უკანასკნელი ფშაველთა ძირითადი საცხოვრისი იყო. გვიანდელ პერიოდში მათ წინაფშავში არჩიეს ჩამოსახლება, რაკი მათ საცხოვრისი ხშირად მიუვალ ადგილას იყო აშენებული და თუკი ადრე ეს  ფაქტორი მტრისაგან თავდაცვაში ეხმარებოდათ, ახლა ახალ ეპოქაში უკვე მრავალ სირთულეს უქმნიდათ.
 ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს. თავად სოფელი შუაფხო მდინარის ორთავე ნაპირასაა გაშენებული. აქ მთავრდება ტყიანი მასივები და იწყება ალპური ზონა. სოფელი ზღვის დონიდან დაახლ. 1250 მეტრის სიმაღლეზეა.

შუაფხო
ისტორიულ მატეანეებში ფშავ–ხევსურეთი ფხოვად იხსენიება, ფშავლები და ხევსურები კი ფხოველებად. ფხოვის არსებობის უტყუარი დასტურია შუაფხო ანუ „შუა ფხოვი“. როგორც ჩანს ეს სოფელი ფხოვის ცენტრი იყო. აქ მდებარეობს უძველესი იახსრის სალოცავი.
ისტორიული ცნობებით ,  აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და მათ შორის ფხოვშიც, ქრისტიანობა უქადაგნია წმინდა ნინოს, რომელსაც მირიან მეფემ თან თავისი ერისთავიც წარატანა ლაშქრით. „ფხოველთა დაუტევეს ქვეყანა მათი, და გარდავიდეს თუშეთს, და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი...“.
მუქო
XIII  საუკუნეში თამარის მეფობის ბოლო წლებში დიდი აჯანყება მომხდარა, ფხოელები და დიდოელები გამდგარან. მეფემ ივანე ათაბაგი გაგზავნა ჯარით აჯანყების ჩასახშობად. ათაბაგმა სისხლში ჩაახშო ეს გამოსვლა, სოფლები გადასწვა და უამრავი ადამიანი დახოცა. ამის დასტურია ძველ ნასახლართა ნანგრევები, რომლებიც დღესაც არის შემორჩენილი  შუაფხოს მიდამოებში. ამავე პერიოდში ხმელ გორზე, სადაც ფხოველთა სალოცავი მუხა მდგარა, თამარის ბრძანებით ეკლესია აუგიათ , რომლისთვისაც თავისი ძის, ლაშას სახელზე ვერცხლის ჯვარი შეუწირავს. ამის შემდეგ, გორს ლაშარის გორი ეწოდა.
შუაფხო.არაგვი
ამბოხების შემდეგ, ფხოვს სახელი ეცვლება და ფშავად იწოდება. „ფშა“ მდინარის ნაპირიდან გამომავალ წყაროს ნიშნავს, ასეთი კი ფშავში ბევრია.
მთელი ფშავი 12 თემად იყო დაყოფილი და მათ ხევისბრები განაგებდნენ,. ხევისბრებს სათავეში თავხევისბრები ედგნენ. საეკლესიო მმართველობის მხრივ ფშავი ხარჭაშოს საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა.
 XVII საუკუნეში ფშავის დამორჩილება ზურაბ არაგვის ერისთავმა სცადა, თუმცა ფშავლებმა  შუაფხოსთან , ახლოს ორწყალში სასტიკად დაამარცხეს. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ერისთავმა თავის გეგმებზე ხელი აიღო. ფშავლებმა,  თუშებთან და ხევსურებთან ერთად , დიდი გმირობა გამოიჩინეს ბახტრიონის აჯანყების დროს.
ხატ–სალოცავი
XIX საუკუნიდან , როდესაც ბარში შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა და მტრის  ( ლეკების, ირანელების, თურქების) თარეში შეწყდა, ფშავლებმა კახეთსა და ქართლში დაიწყეს ჩასახლება, რაკი იქ სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული მოსახლეობისაგან დაცლილი იყო. XX ს. 20–იან წლებში დაახლოებით 10 000 –მდე სული იყო ბარში გადასახლებული. ამ პერიოდში უკაანაფშავის თემში 19 სოფელი ირიცხებოდა, სადაც 212 კომლი ( დაახლ. 1060 სული) ცხოვრობდა.
დღეს დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. უკანაფშავის თემში ყველაზე დიდი სოფლები შუაფხო და თხილიანაა, რომლებშიც დაახლოებით 10–10 კომლი ცხოვრობს, სოფელ გოგოლაურთაში ორი კომლი ცხოვრობს, ჭიჩოში ერთი; ახადი, ცაბაურთა და საერთოდ დაცლილია  მკვიდრთაგან. ადამიანები გაურბიან მთის ცხოვრების სიმძიმეს და ბარისაკენ ისწრაფვიან.
თემის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საბაზო სკოლა სოფელ შუაფხოში, რომელი ძირითადი ცენტრია კულტურული ცხოვრებისა. სხვაგვარად ადგილობრივები  დადგებოდნენ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე თავიანთი შვილები ბარში წაეყვანათ სასწავლებლად. სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას და არსებობს იმედით, რომ მომავალში მის ასაღზრდელთა რიცხვი უფრო მრავალრიცხოვანი იქნება.







Комментариев нет:

Отправить комментарий